შესავალი

საქართველოს მთავრობამ   ეროვნული განვითარების ახალ  სტრატეგიაში „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია: 2020“ კერძო სექტორის  განვითარებისათვის საჭირო  მთავარ პრიორიტეტებად განსაზღვრა უთანასწორობის, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა. რეგიონული განვითარების სტრატეგიის თანახმად,  ზემოხსენებული პრობლემის  გადაჭრის ძირითად საშუალებებს წარმოადგენს რეგიონული განვითარების პროგრამების დაფინანსება, დეცენტრალიზაცია და ინვესტირება მუნიციპალურ ინფრასტრუქტურასა და სამსახურებში. ამ სტრატეგიის მიზანს წარმოადგენს რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობის დაძლევა, თითოეულ რეგიონში ეკონომიკური ზრდის პოტენციური წყაროების განვითარებაზე ყურადღების გამახვილების მეშვეობით.  ეკონომიკური ზრდის მოთხოვნილებაზე ორიენტირებულმა მოდელმა, საქართველოს საშუალება მისცა მნიშვნელოვნად გაეზარდა ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე.  ამჟამად პრიორიტეტულია სახელმწიფო ინვესტიციები რეგიონულ და მუნიციპალურ დონეებზე.  

ხელისუფლება აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას ეკონომიკური ზრდის და სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით.   IFC-ის 2014 წლის “ბიზნესის წარმოების” ანგარიშის თანახმად, გასული წლების განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა საქართველო გლობალური მასშტაბით ყველაზე კონკურენტული ბიზნეს გარემოს მქონე 183 ქვეყნიდან 15-ე ადგილზე  გაიყვანა.  საქართველოს მაღალი რეიტინგი გააჩნია ბიზნესის წამოწყების, საგადასახადო პროცედურების, ინვესტორების დაცვის, კრედიტის ხელმისაწვდომობის, კონტრაქტების პირობების დაცვის, ქონების რეგისტრაციისა და სამშენებლო ნებართვების გაცემის თვალსაზრისით. კერძო სექტორის ნდობის მოპოვების ეტაპობრივი პროცესის გასაგრძელებლად, „ორმაგი შოკის“ შემდეგ მთავრობამ  შეიმუშავა რეგიონული განვითარების ჩარჩო დოკუმენტი, რათა თავის ძალისხმევა მიემართა კერძო ინვესტორების მოზიდვაზე რეგიონული მნიშვნელობის ქალაქების სხვადასხვა სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.   თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული  პრობლემები ფიზიკური და ინსტიტუციური შესაძლებლობების ნაკლებობის თვალსაზრისით, რაც ხელს უშლის  კერძო ინვესტიციების მოზიდვას ეკონომიკური განვითარების დიდი პოტენციალის მქონე რეგიონებში.